"კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს და მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც მას სურს" - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ "მელიას ამნისტია არ უნდა და ოპოზიცია აძალებს, რომ მასზე გავრცელდეს".
ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნება" მისგან ვერ ეღირსება, ამნისტიაზე თანხმობას.
"ვერ ეღირსება "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი, ჩემგან იმ განცხადების მოსმენას, ან იმ განცხადების წერილობით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე ან რასაც ამ რედაქციით ესენი ახმოვანებენ, რომ თითქოს არ უნდა უარვყო... გამორიცხულია.
ოპოზიციური პარტიები, ჩემი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეთანხმების თანახმად მოხდეს მისი აღსრულება.
კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც მას სურს.
ხო აპირებს ისეთი ჩანაწერის გაკეთებას ამნისტიის კანონპროექტში, სადაც ჩემი თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი, ჩემი პასუხი ხო იცის, თუ არის პრინციპული ღირებულებების მატარებელი, აბა მიდი რას გააკეთებს, ძალიან კარგად ვაკვირდები", - ამბობს მელია.