შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - შალვა ბედოიძე. ვახტანგ გომელაურმა უწყებაში მინისტრის შემდეგ ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიცია ჩააბარა იმ სამართალდამცველს, რომელსაც თავის დროზე სისტემურ დანაშაულში სდებდნენ ბრალს - როცა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმიდან ნივთმტკიცებულებები საეჭვო ვითარებაში გაქრა, მკვლელების დაკავება კი პოლიციამ ცხელ კვალზე ვერ შეძლო.
ბედოიძე ერთ-ერთი იყო იმ პოლიციელებს შორის, ვისი სამოხელეო პასუხისმგებლობის საკითხსაც დაცვის მხარე მეოთხე წელია უშედეგოდ აყენებს.
საგამოძიებო კომისიის ხმაურიანი განხილვების შემდეგ - თბილისის პოლიციის უფროსი შსს-დან უხმაუროდ გაუშვეს, თუმცა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა უწყებაში ისევე უჩუმრად დააბრუნა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, აგონიაში მყოფი ხელისუფლება მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ახლა ცდილობს მის გარშემო მხოლოდ სანდო და ერთგული კადრები შემოიკრიბოს.
პოზიცია - რომელიც უწყებაში შალვა ბედოიძემ დაიკავა გახარიას ერთგული კადრის, კახა საბანაძის წასვლის შემდეგ თავისუფალი იყო.