ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" ნამახვანჰესის პროცესის მონაწილე ყველა მხარეს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ფრაქციის პოზიციაა, რომ ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და პროექტი მაღალი საერთაშორისო სტანდარტით უნდა განხორციელდეს.
"ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და პარტია „ლელოს“ პოზიციაა, რომ დიახ, უნდა აშენდეს მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს, არა ბარიკადების ფონზე, არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე, არამედ, უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, იმ გარემოზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო ძალიან მაღალი სტანდარტით... ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტის შენობაში, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეს მწვანე შუქი. "იზი დიუნგ ბიზნეს" ინდექსი უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ინვესტორების მხრიდან", - თქვა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები 214 დღეა ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებენ. აქტივისტებს გუმათის ორივე შესასვლელი გადაკეტილი აქვთ და აპირებენ, რომ "ენკას" ტექნიკას ადგილზე შესვლის საშუალება არ მისცენ. პარალელურად, შსს-მ გუმათში მათ მიერვე აღმართული რკინის კედლის დაზიანების შესასწავლად გამოძიება დაიწყო.
27 მაისს, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კი 8 პირი დააკავეს.