ბიძინა ივანიშვილი ფიდელ კასტროს გზას დაადგა - ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, ოლიგარქს აფრთხილებს, რომ დიქტატურის მცდელობა და პოლიტიკური ტყუილების სერიალი პირადად მისთვის და ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით დასრულდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ შეთანხმების ორივე პუნქტი არ შესრულდა, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სენატორ ჯიმ რიშის განცხადება არის მკაფიო გზავნილი. თუ ხელისუფლებას არ სურს უმძიმეს შედეგებამდე მივიდეს, მათ შეთანხმების ორივე პუნქტი უნდა შეასრულონ.
„ქართული ოცნების" პოლიტიკურად უმწიფარ მოთხოვნაზე, მიიღეს საკადრისი პასუხის სენატორის, რომელმაც დაადასტურა მათთვის საწინააღმდეგო პოზიცია, რომ პოლიტპატიმრებზე საუბარი იყო. „ქართული ოცნება“ ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში, სადაც გაშიშვლდა მისი ტყუილები, რასაც მიჩვეულები არიან, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ სენატორმა რიშმა პირდაპირ ახსენა სიტყვა „პოლიტპატიმრები“.
„ქართულმა ოცნებამ“ გამოთხარა კატა“ - აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს, ვიდრე ქვეყანა სავალალო შედეგამდე მივა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სანქციებამდე ცოტა დრო დარჩა, რადგან თუ ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირდა, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს, უკვე სანქციების ჯერი დადგება.
ყველა ქვეყანაში, სადაც ამერიკას აღიარებული აქვს, რომ არიან პოლიტპატიმრები, სანქციებით მუშაობს და არ მუშაობს დახმარების პროექტებით. იმედია, ფიდელ კასტროიზაცია არ დაგვემართება, რიშის განცხადებიდან მოკლე გზაა იქამდე, - აცხადებს ხიდაშელი.
მისი თქმით, ახლა საუბარია იმაზე, სანქციების საფრთხე ქვეყანას ემუქრება, თუ კონკრეტულ პირებს.