ნარმანია "წელში გასწორდა" - თბილისის ყოფილი მერის მზარდი ქონება 

გამოქვეყნდა:

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ბოლო წლებში თავადაც "გასწორდა წელში", ყოფილი მერის ფინანსური რესურსები წლებთან ერთად იზრდება. მატულობს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების ფურცლების რაოდენობაც. 

ე.წ. მილიონერების უბანში, სამი წლის წინ ყოფილმა მერმა 180 000 ამერიკულ დოლარად 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, უკვე 2020 წელს კი ძალიან დიდი - 647 კვ.მ-ის სახლის მშენებლობა წამოიწყო და დაასრულა კიდეც. დავით ნარმანიას ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ გამორჩენია მიეთითებინა, რომ  მხოლოდ მშენებლობა-რეკონსტრუქციაში 249 000 ლარი დახარჯა.

დეკლარაციაში მისი მეუღლე თინათინ თინიკაშვილიც ვრცლადაა წარმოდგენილი. 2019 წლიდან ის შპს. „საბადური ვილაჯეს"დირექტორია. შპს "საბადური ვილაჯე" 2019 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა, 13 ივნისს კი, ანუ რეგისტრაციიდან სულ რაღაც სამ დღეში დაცული ტერიტორიების საააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა.

კომპანიას საბადურის ტყეში 100 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცა. ვალდებულებაც დაეკისრა - ამ ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო ღამის გასათევი კოტეჯები, საკონფერენციო სივრცე, კვების ობიექტები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, საჯინიბო, ბავშვთა გასართობი ცენტრი - და ამ ყველაფერში 4 მილიონი ლარი დაეხარჯა. 

თუმცა, საბადურის ტყეში ასულებს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწყობილი ინფრასტრუქტურის მაგივრად ისევ რეინჯერებისთვის განკუთვნილი ერთადერთი კოტეჯი დაგვხვდა.

არც კომპანიაზე და არც საკუთარ საქმიანობაზე საუბარი არ ისურვა დავით ნარმანიას მეუღლემ. თინათინ თინიკაშვილმა "მთავარი არხის" კითხვებს, როგორ მოიგო მისიმა სამი დღის დაარსებულმა კომპანიამ აუქციონი, პასუხი არ გასცა.

ავტორი: ნენე დალაქიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი