ახალი პოლიტიკური განაცხადი თუ ივანიშვილის სათადარიგო პროექტი - გახარიას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის ოპოზიციაში არ სჯერათ.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ გახარიას გაუჭირდება მოსახლეობის დარწმუნება, რომ ივანიშვილისგან დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ექსპრემიერს საკმაოდ ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - "20 ივნისი, ია კერზაია, პანკისის მოვლენები, აფგან მუხთარლის გამოძიება, რატიანის საქმე და 10 მილიარდი კოვიდის ფონდზე გადმორიცხული, რომელიც სად წავიდა კაცმა არ იცის."
ის, რომ გახარია ოლიგარქისგან არის გამიჯნული და პოლიტიკურ ველზე დამოუკიდებლად დაბრუნდა, არ სჯერათ "ევროპულ საქართველოში"
"ადამიანი პრემიერ-მინისტრი იყო და მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის მონურ მორჩილებაში იყო და ამ გზას განაგრძობს. ერთობლიობაში როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე, გახარია, ვფიქრობ, რომ არის რუსული პროექტი და პროპუტინული ძალების გაძლიერება საქართველოში" - ამბობს ლაშა დამენია
პარტია "„კანონი და სამართალის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გახარია მისთვის კორუფციასთან ასოცირდება - "მახსენდება მისი გამონათქვამი "ჯიგრულ პონტში", "კორუფცია". ის პირველი პირი იყო ქვეყანაში და მან ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადადგა სახელმწიფოსთვის, არ ვიცით სად არის კოვიდის ფონდიდან გამქრალი მილიონები".
გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გუშინ გამართა, დაასახელა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც და მთავარი პრობლემებიც, რომელიც მისი აზრით ქვეყანას აქვს - კორუფცია და ნეპოტიზმი. გარდა ამისა, გახარია ამბობს, რომ ერთიანდებიან საქართველოსთვის, მაგრამ "არავის წინააღმდეგ"