
სამოქალქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა 14 ივნისს გაიმართება."ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დღეს აქციის ფონზე ჩატარდა.
სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ საქმის მასალებში ჩანს როგორ უკბინა პოლიციელს სამოქალაქო აქტივისტმა, თუმცა ამავე მტკიცებულებებში პროკურატურა სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომას ვერ ხედავს.
"კადრებში ჩანს, რომ მუმლაძე უწევს წინააღმდეგობას და ახორციელებს ძალადობას პოლიციის თანამშრომლის მიმართ, პოლიციის თანამშრომელი იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს კანონის შესაბამისად",- თქვა პროკურორმა.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს. ბრალდებული მუმლაძე დარწმუნებულია, რომ საქმე პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთი გამოვლინებაა და ახლა ქ"ართული ოცნება" მას აქტიურობის გამო სამაგალითოდ სჯის.
"რეალურად არის ხელისუფლების სურვილი, რომ აქტიურ ადამიანებს გაუსწორდეს აი ასე. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს, რომ არანაირ სამართალდარღვევის ფაქტს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად დაკავების დაწყება იყო უკანონო და პოლიცია მოქმედებდა კანონს მიღმა. შესაბამისად, უკანონოდ დამკავებელი პოლიციელისთვის გაწეული ძალადობა ვერ შემერაცხება ვერანაირად დანაშაულად",- თქვა გიორგი მუმლაძემ.
მუმლაძეს პოლიცია წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. იგი სხვა აქტივისტებთან ერთად 14 აპრილს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
ამავე თემაზე: