გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან - ეს განცხადება აშშ- ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
„მოხარულები ვართ, რომ "ენმ" უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმის, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას და უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იყოს კანონმდებლობაში და შემდეგ იყოს დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს, მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა რეალური ცვლილებები უზრუნველყოფილი იქნას, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 30 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შესულიყო, თუმცა პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.