საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, უკრაინისა და საქართელოს პრემიერმინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი თვითმართველობის არჩევნებში ჩაერევა, უკრაინელ პარტნიორებთან ამ საკითხს განიხილავენ.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის სახელმწიფოებრიობას და ჩვენს კანონებს. როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო. ჩვენ როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს ეს ვუთხარით და ეს არის ის ნაბიჯი რაც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში. უკრაინის პრემიერმინისტრმაც გააკეთა განცხადება მედიასთან, იმასთან დაკავშირებით. მათი პოზიციაა, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში. მას არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ის თანამდებობა, რომელსაც ცდილობდნენ, რომ წარმოეჩინათ. აქვს მხოლოდ და მხოლოდ მრჩევნის ფუნქცია. ჩვენთვის მთავარია, რომ არ იყოს ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა", - თქვა ზალკალიანმა.
ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობასა და სახელმწიფოებრიობას.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს მრჩევლად დაინიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, რომელიც 22 აპრილს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში დააბრუნეს.