სენატორებისგან კრიტიკულ შეფასებებს არ ველით - ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ამერიკელი სენატორებისგან კრიტიკულ შეფასებებს არ ელიან.

მმართველი გუნდის დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განმარტებით, ხელისუფლებამ კრიზისის განსამუხტად პასუხისმგბებლობა აიღო და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

"ჩვენ არ ველოდებით კრიტიკულ შეფასებებს, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და ამის ერთ-ერთი დასტურია, ბატონი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, მოვაწერეთ ხელი.

ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ ამ დოკუმენტს არ უერთდება ნაციონალური მოძრობა და ისე აპირებს პარლამენტში შემოსვლას. ამისთვის მათ დაიმსახურეს, როგორც დასავლელი პარტნიორების, ბუნებრივია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შეერთებული შტატების კრიტიკა",- თქვა ღუდუაშაურმა.

სენატორების ვიზიტს ასევე გამოეხმაურა, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. მისი თქმით, შეერთებული შტატების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ორპარტიული მხარდაჭერის დასტურია. როგორც მან აღნიშნა, მხარეები შეხვედრაზე რეგიონალურ პრობლემებსა და საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისს განიხილავენ.

შეერთებული შტატების სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდნენ. დღეს, 3 ივნისს კი ისინი უკვე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან.

მოგვიანებით სენატორები მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს შეხვდებიან.

სენატორები ქვეყანას ხვალ, 4 ივნისს დატოვებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი