
სახალხო დამცველის მოადგილის, ეკატერინე სხილაძის თქმით, იყო შემთხვევები, როცა ომბუდსმენს წარსულში ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებმა პირებმა მიმართეს. სხილაძის თქმით, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატსა და სახელმწიფოს მათთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.
ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატში არსებული ვითარების შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
"დიახ ნამდვილად. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებმა პირებმა, რომლებიც იქ წარსულში ცხოვრობდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ როგორც მათთან მჭიდრო კომუნიკაციაში, ასევე სახელმწიფო უწყებებთან და უახლოეს პერიოდში ალბათ შეგვეძლება მათ მიერ მონათხრობი პრობლემების შესახებაც მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია"- თქვა ეკატერინე სხილაძემ.
ცნობისთვის, 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.
ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე.
ამავე თემაზე: