
საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მათთვის სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ ბაშვთა სახლში მიმდინარე მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
საპატრიარქო შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართავს აღნიშნული საქმეები გაასაჯაროვონ, რომ არავისთვის არაფერი იყოს დაფარული.
"სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.
მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.
ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე. ამავე თემაზე: