სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, მათ შორის თანამშრომლთა სამუშაო საათების აღრიცხვა - ასე ეხმაურება თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძე მაკონტროლებლის დასკვნას.
„სახეზე გვაქვს ფორმალური ტიპის გადაცდომები. მაგალითად, თანამშრომლებისა და მათი ნამუშევარი საათების აღრიცხვა ტურნიკეტის მეშვეობით. პირველ რიგში, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მერიის თანამშრომლების ნახევარზე მეტის საქმე დილით ტურნიკეტზე ბარათის მიდებით არ იწყება. ისინი ქალაქში უმრავ საქმეს აკეთებენ: ზოგი პირდაპირ ობიექტზე მიდის, ზოგი სკვერში, ზოგი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ზოგი მოქალაქესთან შეხვედრით იწყებს თავის სამუშაო დღეს. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, ტურნიკეტის მონაცემებით არ ჰქონდეს თანამშრომელს სრულად გამომუშავებული გეგმიური საათების რაოდენობა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი აუდიტის სამსახურმა უნდა დააფიქსიროს" ამბობს ხმალაძე.
რაც შეეხება დიდი გამავლობის ავტომობილების შეძენას, ვიცე-მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ნებისმიერი ფორსმაჟორისთვის მზად უნდა იყოს.
„ბოლო წლები ძალიან მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტში ხშირად აქვს ადგილი ფორსმაჟორულ გარემოებებს. ნებისმიერი სიტუაციისთვის მერიას უნდა ჰქონდეს მზაობა. ავტოპარკი მუდმივად გასაახლებელია. ეს აქამდეც კეთდებოდა, დღესაც კეთდება და მომავალშიც ასე იქნება, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის და ყველა კუთხით მივეხმაროთ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას“, – თქვა ხმალაძემ.
ვიცე-მერის განცხადებით, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, მუნიციპალიტეტს მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.
„არ ვამბობ, რომ ცალკეული გადაცდომები არ არსებობს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულა ბოლო წლების განმავლობაში. სადაც დარღვევები გამოვლინდება, სათანადო რეაგირებასაც მოვახდენთ. აუდიტის სამსახურის ეს დასკვნა სიახლე არ არის. გარკვეული დარღვევები მუნიციპალიტეტში ყოველთვის ხდებოდა. მთავარია, მუნიციპალიტეტმა საქმე გააკეთოს, ასეთი ტიპის დარღვევების მიმართ ვიყოთ ყურადღებით და არსებობდეს ინსტრუმენტი და მექანიზმი, რომ მოვახდინოთ პრევენცია, რათა გადაცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ხოლო თუ ისინი მაინც განმეორდება, დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, ამბობს ხმალაძე.
ამავე თემაზე:
თბილისის მერიის მანქანის 35-ლიტრიან ავზში 3 საათში 221 ლიტრი საწვავი ჩაასხეს | აუდიტის დასკვნა