სათვალთავლო კამერების ჩანაწერები, რომელიც 3 ივნისს საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთშია გადაღებული, "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.
კადრებიდან ირკვევა რომ 7 ადამიანი ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებული ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდება, მანქანებიდან გადმოდიან და ობიექტზე მყოფ ორ პირს ჯერ სიტყვიერად უპირისპირდებიან, შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდებიან.
შემთხვევა დილის 11 საათზე ხდება. დაპირისპირება დაახლოებით ათი წუთი გრძელდება. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ, ადგილზე სასწრაფო და პატრული მიდის.
ბიზნესმენ ძმებს ჰუსეინოვებს თავდასხმამდე დაემუქრნენ და კრიმინალური სამყაროთი დააშინეს. პირი, რომელიც ფულს ითხოვდა, პოლიციის მაღალჩინოსნის ძმა - თეიმურაზ ჯინჯიხაძეა, იორმუღალოს პოლიციის თანამშრომლის გურამ ჯინჯიხაძის ძმა.
ის ცოტა ხნით საგარეჯოს მერიაში მუშაობდა, თუმცა კორუფციული ბრალდებით, გარკვეული პერიოდის ციხეში გატარება მოუწია
უარის შემდეგ სადგურის მფლობელ ძმებს უცნობი ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა. ირკვევა რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში კრიმინალური ავტორიტეტები ერთვებიან, მათი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურზე რამდენიმე წუთში ჩნდება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციელის ძმამ კრიმინალური ავტორიტეტები საგარეჯოში ბიზნესმენების დასაშინებლად, ქუთაისიდან ჩამოიყვანა.
საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში, ქუთაისიდან საქმის გასარჩევად ჩამოყვანილი კრიმინალური ავტორიტეტი გამოკითხვაზე სწორედ პოლიციელ გურამ ჯინჯიხაძესთან ერთად მივიდა, თუმცა მომხდარზე საუბარი არც ერთმა ისურვა.
ბიზნესმენებზე თავდასხმაში კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობას საგარეჯოს პოლიცის განყოფილებაში უარყოფდნენ.
შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია, ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხეს, პოლიციელის ძმა კი საგარეჯოს პოლიციის შენობიდან გაიპარა.
სამართალდამცავები დანაშაულის ადგილზე მთელი დღე არ გამოჩენილან. კრიმინალური პოლიცია ობიექტზე მომხდარიდან მხოლოდ რვა საათის შემდეგ გამოჩნდა.