
ქუთაისში, 30 წლის ჯარისკაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ხოლო 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მიმდინარე წლის 4 ივნისს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილით დაედევნა ნაცნობს - 1990 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს, რომელიც წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, დ.გ. - თბილისში, ხოლო მ.ც. ოზურგეთში დააკავეს.- წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.
შსს, ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: