
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია შემდგომი რეალიზაციისთვის განთავსებული ნარკოტიკებიც.
დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული ლ. ნ., 2002 წელს დაბადებული ნ. ქ., 1999 წელს დაბადებულ ა. ჭ., 2002 წელს დაბადებული მ. კ.
"სამართალდამცველებმა, ლ.ნ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნ.კ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მათ მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“.
ლ.ნ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნ. ქ.-ს კი ბრალად ედება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის მცდელობა, რაც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, ა. ჭ.-ის და მ. კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო მათ მიერ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად და გასაღების მიზნით უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ის შემცველი 1, 670 მლ სითხე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ და საკურიერო სერვისის ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ყუთების გამოყენებით სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ლოკაციებიდან 15 შეკვრად დაფასოებული 16 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს", - წერია უწყების განცხადებაში.
ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.