ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება.
ევროკავშირის ელჩი ასევე ამბობს, რომ ის პოზიტიურადაა განწყობილი სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან მიმართებაში.
"იმედი მაქვს, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ერთ დოკუმენტზე შეთანხმება მოხდება, რაც 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ჯერჯერობით ჩვენ ვნახეთ, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით სასარგებლო სამუშაო ჩატარდა. ასევე პოზიტიურად ვარ განწყობილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც. ჩვენ მალე ვიხილავთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც კარგი საფუძველი იქნება.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამაზე მუშაობა ახლა იწყება. იმედი მაქვს ამ შემთხვევაშიც იგივე სულისკვეთება იქნება გაზიარებული",- თქვა კარლ ჰარცელმა.
გუშინ, 8 ივნისს პარლამენტში "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსიის განხილვა გადაიდო. მმართველმა გუნდმა საკითხის გადადების მიზეზად პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არყოფნა დაასახელა.
პარლამენტში ამნისტიის კანონპრიოექტის ორი ვერსიაა დარეგისტრურებული. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
რაც შეეხება ამნისტიის კლანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.