„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია“, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მინისტრმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივაა.
ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორების მოძიების შესაძლებლობას აღარ აძლევს და მისი ინფორმაციით, პორტის პროექტის განსახორციელებლად უახლოეს მომავალში ახალი ტენდერი გამოცხადდება.
კოვიდ პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს და ნებისმიერ საპორტო ინფრასტრუქტურას, რაც იქ განვითარდა.. კონსორციუმს ჰქონდა მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგი შანსი და ჩვენი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში და ეს ვადები კიდევ შვიდჯერ გადავუწიეთ, ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვეჯერ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას გარდა, ფოთის პორტის განვითარების მნიშვნელობაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმაც ისაუბრა. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, სადაც ინვესტიციებს ამერიკული ფონდი ახორციელებს.