ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ - მეუფე სპირიდონი ყოფილ ბენეფიციარზე

გამოქვეყნდა:

სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამორჩეული სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის, 18 წლის ლუკა ხაჩიძის განცხადებას გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა. მეუფე სპირიდონი ბიჭის "გონების, ცნობიერების შეცვლაში" არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიას ადანაშაულებს.

მეუფე სპირიდონის მტკიცებით, "დედა ეკლესია" ლუკა ხაჩიძეს "თავს ევლებოდა" და მას არც ჩაცმა-დახურვა, არც კვება არ აკლდა.

"ჩვენ გაოცებული ვართ რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ესე გონება, რომ ესე მოიქცა. თურმე ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები. საოცარია, გაოცებულები ვართ ჩვენ და ძალიან შეწუხებულები, რა შეეძლო მეტი ეკლესიას გაეკეთებინა?! [...] 

ჩვენ ვთვლით და ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა ამ არასამთავრობოების და ამ ლომჯარიების და მათი საზოგადოებების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე, ასე უცვლიან ცნობიერებას, მათ ცნობიერებას რაღაც ფორმატირებას უკეთებენ. ფაქტიურად რა გამოდის ახლა, ყველაფერი მიიღო ბავშვმა, ეკლესიამ ყველაფერი მისცა ბავშვს და შეუტრიალდა და ეკლესიას ჩივილი დაუწყო და მტრად გაუხდა", - თქვა მეუფე სპირიდონმა.

მეუფე სპირიდონმა გაიხსენა გამონათქვამი "დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას" და თქვა, რომ როგორც ჩანს ისინი ასეთი თაობების შექმნას აპირებენ რაც ძალიან საშიშია. 

"ერთი ფეხზე უნდა დადგეს, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს რომ ჩვენ ასეთი თაობა არ მივიღოთ", - თქვა მეუფე სპირიდონმა.

18 წლის ლუკა ხაჩიძე, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში გაიზარდა, ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოაგდეს. მისი თქმით, ამის მიზეზი ჩვენებაში ნინოწმინდაში არსებული იმ ძალადობის შესახებ დეტალურად ინფორმაციის მოყოლა გახდა.

9 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი