ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50%-ს დაუახლოვდება - ამბობს ფინანსთა მინისტრი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის "მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება.
ლაშა ხუციშვილის თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბიუჯეტო დეფიციტზე და მთავრობის ვალზე.
"ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგნოზებში წარმოვადგინეთ შემცირებული ფისკალური დეფიციტი 7.6-დან 7.1%-ის დონემდე. იმავდროულად, ჩვენი ვალი უკვე 2021 წელს ჩამოსცდება 60%-იან ნიშნულს და 57% იქნება.
ვალის შემცირება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და საბაზო სცენარში 2025 წლისათვის ველოდებით მშპ-სთან 53.5%-მდე ჩამოსვლას. კიდევ უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა ოპტიმისტური სცენარი, რა შემთხვევაშიც უკვე წელს, მთავრობის ვალი 55%-ს ჩამოსცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50%-ს დაუახლოვდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.