დაპირება, რომელიც ზაზა გახელაძის ოჯახს პრემიერმა ღარიბაშვილმა მისცა, ტყუილი აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი ისევ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში რჩება, მაშინ როდესაც პრემიერი ოჯახს მის ორ კვირაში გათავისუფლების პირობას აძლევდა.
"როგორც თალაკვაძე დაგვპირდა და დანარჩენები, მაგისმა დაპირებამაც ეგრე ჩაიარა" - ამბობს გახელაძის დედა და საპროტესტო აქციებს აანონსებს.
გახელაძეების ოჯახი დღეს დიპლომატებთან შეხვედრას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას დღეს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც გეგმავს. სწორედ სოფელ ციცაგიანთკარში ჩავლენ დღეს გახელაძეების ოჯახის წევრებიც იმისთვის, რომ პირადად მიაწვდინონ ხმა დიპლომატებს და ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდას გათავისუფლებაში დახმარება სთხოვონ.
გახელაძეების ოჯახს პრემიერი ღარიბაშვილი 8 მაისს შეხვდა და დაპირებები მისცა, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელია. შეხვედრის შემდეგ, ოჯახმა დაგეგმილი აქციები გააუქმა, თუმცა როგორც ახლა ამბობენ, გაჩერებას აღარ აპირებენ.