შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი. დღეს პრემიერმინისტრმა რიგი აკრძალვების გაუქმების შესახებ განაცხადა, თუმცა მთავარი საკითხი, რაც ხელისუფლების ოპონენტებსა და რიგით მოქალაქეებში კითხვებს იწვევს, ისევ ძალაში რჩება.
რატომ არ უქმდება კომენდანტის საათი და როდის დაუბრუნდება ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს - სწორედ ესენია მთავარი შეკიხვები, რომლებზე პასუხსაც ოპოზიცია ამ დრომდე ელოდება.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს შეზღუდვა არის ბერკეტი მთავრობის ხელში, რომ არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ადამიანების პროტესტი ჩაახშოს.
ოპოზიცია გაუმართლებლად მიიჩნევს იმ რეგულაციასაც, რომლის მიხედვითაც, ავტომანქანით გადაადგილება სამზე მეტ პირს არ შეუძლია.
რაც შეეხება რეგულაციების შემსუბუქებას - მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები, ასევე სრულად დასაშვები ხდება შიდა და გარე სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრება.
გიორგი გახარიამ დღეს ტურისტულ დერეფანზეც ისაუბრა და სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო სტუმრებს მიიღებს, ისრაელი იქნება.
სილამაზის სალონები ამ დრომდე ელოდებიან იმ რეკომენდაციებს, როგორ უნდა იხელმძღვანელონ. ცნობილია ის, რომ აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. სალონების მფლობელები ფასების მომატებასაც აანონსებენ.
მთავრობა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპიც დროზე ადრე განხორციელდეს.