ვუთანაგრძნობ "ქართულ ოცნებაში" იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან გუნდში, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი "მთავარი არხის" ეთერში გასულ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს.
ხოჯევანიშვილის თქმით, გახარიას გუნდი "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.
"არ ვთვლი საერთოდ საჭიროდ, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ თვითონვე უწოდებენ ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას. ჩვენ ეს მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუს დროს, ამიტომ შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვუთანაგრძნობ "ქართულ ოცნებაში" იმ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან გუნდში, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ უწევთ ამ ყველაფრის მოთმენა და ასე რომ ვთქვათ გაგებით რომ მოეკიდნონ",- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კობახიძე ცდილობს, ხელისუფლებაში ყოფნის უმძიმესი შეცდომები და დანაშაულები მხოლოდ ერთ ადამიანს - გახარიას გადააბრალოს, რაც "ქართულ ოცნებას" არ გამოუვა. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს ახსენებენ, რომ ექსპრემიერი გახარია სწორედ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ გახდა მთავრობის ხელმძღვანელი და "ქართული ოცნების" ვარსჯვლავბიჭუნა".
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ გასულ წლებში ჩატარებული სპეცოპერაციების დაგეგმვაზე სრულ პასუხიმგებლობას გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კახა საბანაძეს აკისრებს.