ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, "სემსოტას" მამა ამტკიცებს რომ მის ოჯახს ძალოვანი უწყება უკანონოდ უსმენს. ძებნილი შალვა გულიაშვილის მამამ, თეიმურაზ გულიაშვილმა საცხოვრებელ სახლში გაურკვეველი ნივთი იპოვა და დარწმუნებულია რომ ეს მოსასმენი აპარატია. გულიაშვილების სახლში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. შსს-ს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.
თეიმურაზ გულიაშვილის ინფორმაციით, სპეციალური აპარატი მათ საცხოვრებელში იმ დროს დაამონტაჟეს, როდესაც ის 2 დღის წინ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
"ჩემ საკუთარ სახლში მე ვიპოვე გადამცემი, მოსასმენი აპარატი, გთხოვთ პატრულის თანამშრომელი მოვიდეს. იცოდეს პოლიციამ, წაიღოს, შეამოწმოს, გამოძიონ რა მხრივ შემოვიდნენ ჩემ საკუთრებაში. ჩემი გასაღები მოიპარეს, ეჭვიც მაქვს, რომ შეიძლება სხვა გასაღებიც გააკეთეს. ჯერ თვითონ გამოძიებამ დაამტკიცოს, თუ არა მეთვითონ დავადებ ხელს სუყველას", - თქვა თეიმურაზ გულიაშვილმა.
ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ გუშინ საღამოს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დარღვევებით ჩატარდა და "მოსასმენი აპარატი" დარღვევით ამოიღეს, პოლიციას მტკიცებულების ამოღებისას ხელთათმანიც არ ეკეთა.
ცნობისთვის, "სემსოტას" შსს თითქმის ორი კვირაა უშედეგოდ ეძებს. ის 3 ივნისის ღამეს გორში, ვეხვების დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ მონაწილედ მოიაზრება.