რეგლამენტში არ არსებობს საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც გააძლიერებდა ოპოზიციის როლს პარლამენტის საქმიანობის და მათ შორის საპარლამენტო კონტროლის პროცესში- ასე შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი.
"რეგლამენტში არ არსებობს საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც გააძლიერებდა ოპოზიციის როლს პარლამენტის საქმიანობის და მათ შორის საპარლამენტო კონტროლის პროცესში. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების მხოლოდ არსებობა პარლამენტში, არ წარმოადგენს საკმარის მექანიზმს ეფექტური საპარლამენტო კონტროლისათვის:
- პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის წარმომადგენელია;
- პარლამენტის მიერ ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, რეგლამენტი არ ითვალისწინებს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციის ვალდებულებას და მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღებას, რაც ზრდის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს.
- არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას",- წერია ორგანიზაციის კვლევაში.
"გამჭვირვალობა" ამ კუთხით რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს:
საქართველოს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები პროპორციულად უნდა ნაწილდებოდეს წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენელი, მათ შორის, უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგ კომიტეტებს: ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.
პარლამენტის მიერ გარკვეული თანამდებობის პირების არჩევა ოპოზიციური პარტიებთან კონსენსუსის გარეშე შეუძლებელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ მანდატს ფლობს უმრავლესობა. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის ასარჩევად აუცილებელი უნდა იყოს ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობა. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის მხარდაჭერის საფუძველზე უნდა ინიშნებოდნენ.
საპარლამენტო კონტროლის პროცესში უნდა გაიზარდოს ოპოზიციის როლი :
ოპოზიციის წევრები უნდა იყვნენ პრივილეგირებულნი მთავრობისთვის შეკითხვების დასმის დროს (კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება გახსნან დებატები. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, ინტერპელაციისას ოპოზიციის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას უმრავლესობის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო მეტი კითხვა დაუსვან);
ოპოზიციის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება მოითხოვონ დებატების ჩატარება, მათ შორის, გადაუდებელი აუცილებლობის ან მიმდინარე საკითხებზე დებატების ჩათვლით;
ოპოზიციის წევრებს (ოპოზიციურ ფრაქციებს) უნდა ჰქონდეთ უფლება კომიტეტის სხდომაზე მოიწვიონ გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - წერია ანგარიშში, რეკომენდაციების ნაწილში.
ამავე თემაზე: