თბილისი პრაიდის ღირსების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს.
თაბაგარის თქმით, შეკრების და გამოხატვის უფლება ყველას აქვს და კობახიძე მათ ღონისძიებას ვერ გააუქმებს.
"ირაკლი კობახიძის განცხადება იყო ყოვლად სამარცხვინო, ის პირდაპირ კოჭს უგორებს საპატრიარქოს, კოჭს უგორებს რუსეთის და კრემლის მასხარა ლევან ვასაძეს. ძალიან სამწუხაროა, რომ კონსტიტუციონალისტი და ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის ავტორი მსგავს განცხადებებს აკეთებს, პირდაპირ ფეხქვეშ თელავს საქართველოს უმთავრეს კანონს. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ უნიათობის რომელსაც "ქართული ოცნების" დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს", - თქვა გიორგი თაბაგარმა.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ კობახიძის ეს განცხადება ორაზროვანია და მისი ყველა გაგება პრობლემურია. მათი თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რატომ უნდა უთხრას სახელმწიფომ უარი ადამიანებს პრაიდის ჩატარებაზე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ LGBTQ აქტივისტებს "პრაიდის" ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ".
ამავე აზრს იზიარებს დეპუტატი ღუდუშაურიც. დავით სერგეენკო კი ვერ განმარტავს რა არის პრაიდი, ფლეშმობი თუ დემონსტრაცია.
Tbilisi Pride-ს მიერ ორგანიზებული "ღირსების მარში" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 5 ივლისსაა დაგეგმილი.