
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დავით კირკიტაძე და ზაალ უდუმაშვილი რუსთავში, ჩივიაშვილების ოჯახში იმყოფებოდნენ. ოჯახს პარტიის ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ფინანსურ მხარდაჭერას გულიხსმობს.
ოჯახი თვითდასაქმებულია და პანდემიის დროს შემოსავლის წყარო დაკარგეს. თუმცა, ცნობილია, რომ ისინი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებენ.
ეს ოჯახი ასახავს დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეალობას - როგორ უჭირს ხალხს და მართლაც ულუკმაპუროდ არიან დარჩენილი. ოთხთვიანი ეკონომიკური სტაგნაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მოსახლეობის 95 %-მა დაკარგა სამსახური და ისინი ახლა თვითგადარჩენის რეჟიმში არიან. გადაუდებელია სწრაფი ფინანსური ინექცია, ფულადი მხარდაჭერა არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეკონომიკური დახმარების გეგმა გუშინ წარადგინა. კორონაკრიზისის ფონზე შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, გეგმა ითვალისწინებს ყველა სრულწლოვანი მოქალაქის 1000 ლარიან და არასრულწლოვანი მოქალაქის 500 ლარიან დახმარებას.