ხმაური სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე - დაპირისპირება თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის ჩატარებულ ტენდერს მოჰყვა. ოპოზიციას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ხელისუფლების ოპონენტები კორუფციულ ნიშნებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ოპოზიცია დაინტერესდა, რა ნიშნით შეარჩიეს მთავარი კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კითხვის ნიშნებს რამდენიმე კომპანია აჩენს, მათ შორის, არის 2020 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანია "ელიბო".
კიდევ ერთი კომპანია, რომლის მიმართაც ოპოზიციას კითხვები აქვს და კორუფციულ კვალს ხედავენ, „ეიჯი გრუპია“, რომლის დირექტორიც ალექსანდრე ხუციშვილია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ის სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა. ალექსანდრე ხუციშვილი "იბერია ავტოს" დირექტორი იყო, რომლის 10 პროცენტი ეკუთვნის გიორგი ნემსაძეს, ხოლო 90 პროცენტი "იბერიის ბიზნეს ჯგუფს", რომელიც კავშირში იყო ყოფილ სპორტის მინისტრთან.
ეჭვი მაქვს, რომ უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიცია ხართ და ახლა ცდილობთ, ყველაფერში ნახოთ კავშირები... ის, რომ მეტროს რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან, ის, რომ თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა, ესეც ძალიან მაგარია. ქვეკონტროქტორებად ვის აიყვანს, ეს უკვე თურქული კომპანიის გადასაწყვეტია... ასე, რომ თქვენი მცდელობა, რომ ყველაფერში ნახოთ, სასაცილოა. სასაცილოა, რომ ხდები მძევალი პოლიტიკური ვაჭრობის, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატი.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი აბესაძის, თქმით, ისეთი კომპანიები უზრუნველყოფენ მეტროს რეაბილიტაციას, რომლებაც გამოცდილება არ აქვთ.
რატომ მისცეს ამ კომნპანიებს მილიონები, იმიტომ, რომ ისინი არიან კახი კალაძესთან და "ქართულ ოცნებასტან" დაახლოებული პირები, შემომწირველები, მისი ძმაკაცები, ნათელმირონები, ეს არის ყოფილი მინისტრი ხეჩიკაშვილი, ეს არის "ქარული ოცნების" დეპუტატი ენუქიძე, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე დააყენებს ამ საკითხს - რა პრინციპით შეირჩა მეტროს რეაბილიტაციისთვის მთავარი კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიები.