20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" გუნდში კვლავ ამტკიცებენ, რომ "პარლამენტზე შტურმი ხორციელდებოდა" და მანიფესტანტები "პოლიციელებს სხვადსხვა საგნებით სცემდნენ" და "წინა რიგებიდან იტაცებდნენ".
მმართველი გუნდის რიტორიკას არ ცვლის, თუმცა კითხვაზე სწორად იყო თუ არა დაგეგმილი 20 ივნისის სისხლიანი ღამის სპეცოპერაცია, სოზარ სუბარი ამბობს, რომ "პასუხი არ აქვს".
"მე დღემდე არ მაქვს პასუხი და არც საზოგადოებას არ აქვს პასუხი, მაგალითად, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა, ნაკლები ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ეს სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ",- თქვა სოზარ სუბარმა.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს შტურმით აღება უკანონო ქმედებაა და 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.
"პოლიტიკური პასუხისმგებლობა"ქართულმა ოცნებამ" აიღო და პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, მეორე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, რომელმაც მოსახლეობისა და ახალგაზრდების პროტესტი გადაზარდა შტურმში",- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გავრილოვის ღამიდან დღეს 2 წელი გავიდა. რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, აქტივისტებმა აქციისთვის მზადება უკვე დაიწყეს. აქცია 18:00 საათზე გაიმართება.