27 წლის თორნიკე კაკაურიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხონის პოლიციის მაღალჩინოსნები მის შვილს სასტიკად გაუსწორდნენ. ბიჭს ჩამტვრეული აქვს ნეკნები, მოტეხილი აქვს ორივე კიდური. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
დაპირისპირება კომენდანტის საათის დარღვევას მოჰყვა.
"ზუსტად 11 საათის შემდეგ დახვდნენ ხონის ტერიტორიაზე, ქალაქიდან ცოტა მოშორებით. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ პოლიციის უფროსის მოადგილე და მისი თანამშრომელი, სვამდნენ რესტორანში, მთვრალები ორივე. გადაუდგნენ წინ ჩემ შვილს, მასთან ერთად იყო მეზობლის ბიჭი, მეგობარი მისი.
რატომ დაარღვიე კომენდანტის საათი, რას ქვია არღვევო და მანქანაში ჩასცხო პირდაპირ. [...] კარები გააღო, გადმოიყვანა ძირს, დააგდო და სცემა ბოლომდე. გაუტეხა ნეკნი, ცხვირი აქვს გატეხილი, ფეხი აქვს ორ ადგილას მოტეხილი, უტარდება გადაუდებელი ოპერაცია, ფეხზე ღია ჭრილობა აქვს, აქვს ტვინის შერყევა", - ამბობს დაშავებულის მემა, მერაბ კაკაურიძე.
მისი თქმით, ჰყავთ მოწმე, რომელიც მათ მონაყოლს დაადასტურებს. დაზარალებულის მამა ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებმა რესტორანში თანამშრომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს.