"ქართული ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი კვოტირებაზე "ქალთა მოძრაობისა" და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "კაცთმოძულე ხასიათისაა".
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შეცვლილი "ყოველი მესამე" კვოტა ადგილობრივ არჩევნებში იმავე რაოდენობის ქალების მონაწილეობას უზრუნველყოფს, როგორც ამას აქამდე არსებული "ყოველი მეორე" კვოტა უზრუნველყოფდა.
"ამ განცხადების ნახევრად სერიოზული კომენტარი ჩემგან ის იქნებოდა, რომ ის კაცთმოძულე ხასიათისაა.
სერიოზულად კი, კომპეტენციის ნაკლებობაზე მიუთითებს. სინამდვილეში, როგორც აქამდე არსებული "ყოველი მეორე" კვოტა უზრუნველყოფდა ქალთა მინიმუმ 20%-იან მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში, ისე შეცვლილი "ყოველი მესამე" კვოტა უზრუნველყოფს იგივე მინიმუმ 20%-იან მონაწილეობას.
ვინც ვერ გაერკვა, იმავე საარჩევნო რეფორმის სხვა მუხლებსაც ჩახედოს, რომლითაც პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრების რაოდენობა იზრდება", - წერს პაპუაშვილი.
საარჩევნო რეფორმის გარდამავალ დებულებაში ჩაწერილია, რომ 2028 წლამდე თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია იმგვარად, რომ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
მოქმედი კანონით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა კვოტირება განსაზღვრულია ყოველ ორ წევრს შორის.
ამავე თემაზე: