"ეს არის ახალი ეტაპი იმ ზეწოლის, რომელიც იწყება ივანიშვილის ხელისუფლებაზე", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილს.
საქმე ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილს, რომელსაც ხელს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები აწერენ. მიმართვაში წერილის ავტორები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე წუხილს გამოთქვამენ და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის ინტერესების გატარებასა და ამერიკული ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ.
სალომე სამადაშვილი მიმართვის გაცნობის შემდეგ აცხადებს, რომ პირველად ხდება, როდესაც სენატი და კონგრესი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში, როგორც რუსეთთან მიმართებაში, ასევე ირანთან, - აცხადებს სამადაშვილი.
ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ტედ კრუზის ლიდერობით, საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო, სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ.
წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან. ისინი ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებენ.