ამერიკის სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მიწერილ წერილში საგანგაშო გზავნილებს ხედავს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. საქმე ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილს, სადაც ივანიშვილის რუსეთთან მოკავშირეობაზეა საუბარი.
ამ წერილს აქვს რამდენიმე საგანგაშო გზავნილი, პირველი, ინვესტიციების შეზღუდვა, ანუ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველო ეუბნება უარს, ეს საგანგაშოა. საქართველო რაღაც შავი სქემებით თანამშრომლობს ირანთან, ეს საგანგაშო და მესამე, სამწუხაროდ, პირდაპირ არის მოხსენიებული ივანიშვილი რუსეთის მთავარ საყრდენად საქართველოში, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, მსგავსი წერილი აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ აქამდე არავის გაუგზავნია.
ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ტედ კრუზის ლიდერობით, საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო, სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ.
წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან. ისინი ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებენ.