ბიძინა ივანიშვილის კავშირები ირანთან - მესამე სექტორის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების იმ წერილს ეხმაურებიან, რომელიც მათ მაიკ პომპეოს და ქვეყნის ფინანსთა მინისტრს გაუგზავნეს.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ წერილში ირანთან კავშირში მყოფი ივანიშვილი უკვე ღიად დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, აშშ-ში ირანთან კავშირში შემჩნეული პირებს სანქციები ედებათ.
ამერიკელებს ანაკლიაზეც ახსოვთ და ეს არსად არ წასულა და არ წავა. შესაბამისად, სახე დაკარგულ და ნდობა დაკარგულ ივანიშვილთან, უკვე ყველა მიზეზი გახდება რადიკალური. როგორ შეიძლება ნატო-ში და ევროკავშირში ამბიციების მქონე ქვეყანას მართავდეს ადამიანი, რომელსაც სანქციები ადევს, ნონსენსია. რაც შეიძლება მალე უნდა გავუშვათ ესენი, რომ ქვეყანაზე არ გადმოვიდეს ეს ყველაფერი, - განაცხადა ხარშილაძემ.
ივანიშვილს ოფშორში რომ არაერთი კომპანია აქვს დარეგისტრირებული ამაზე ამახვილებს ყურადღებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. ეკა გიგაურის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში არსებულ პრობლემებზე დაინტერესდნენ, რასაც სენატორების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის მიწერილი წერილიც ადასტურებს.
საქართველოში დასავლური კომპანიების ინვესტიციების სიმწირეზე საუბრობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე. დავით სიხარულიძე ამბობს, რომ ამერიკული კომპანიები ქვეყანაში ზეწოლას განიცდიან.
ეს ყველაფერი აისახება ჩვენს შემოსავლებზე, საქართველოს განვითარებაზე... ის მცირე რიცხოვანი დასავლური კომპანიები, რომლებიც საქართველოში არიან, იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ. ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, შემაშფოთებელია, ჩვენთვის, როგორც ქართველებისთვის, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ტედ კრუზის ლიდერობით, საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო, სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. ისინი ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებენ. ამას გარდა, წერილში ამერიკული ბიზნესის შევიწროებაზეცაა საუბარი.