ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პარლამენტში საგანგებო განცხადება გააკეთეს და რუსთაველზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ძალადობაზე პასუხისმგებლობა სრულად პრემიერმინისტრს დააკისრეს.
თამარ კორძაია, თინა ბოკუჩავამ და ანი წითლიძემ საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ "დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს"
"ერთი თვეა თქვე, თქვენი ქვეყნის მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც ხმას გაძლევენ ან არ გაძლევენ, ადამიანები, რომლებიც გადასახადს იხდიან, რომლებიც ცხოვრობენ, დაიბადნენ ამ ქვეყანაში, გთხოვენ იმას, რომ უზრუნველყოთ მათი გამოხატვის თავისუფლება და ამას ვერ ახერხებთ და ამის მერე თქვენ ხელისუფლება ხართ?! თქვენ არ ხართ ხელისუფლება, არანაირი უფლება არ გაქვთ ილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში გაქვთ უნარი დაამყაროთ წესრიგი. პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ კონსტიტუციით ყველა დაცულია, ეს კონსტიტუცია დღეს მან თავზე გადაგვახია",- ამბობს თამარ კორძაია.
საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით მათ რუსთაველზე გადაინაცვლეს, სადაც საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს.
მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ კრიტიკული მედიების წარმომადგენლებსაც. დამტვრეულია "მთავარი არხის" ტექნიკა, ნაცემია ოპერატორი.
გარდა ამისა, რადიკალები თავს დაესხნენ ფორმულას, ტვ პირველის, პალიტრას, რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფებსაც. მათი აგრესიის მსხვერპლი გახდა ტაბულა, ონ. ჯი, ნეტგაზეთი. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ჯამში სულ მცირე 10-მდე ჟურნალისტი გახდა მოძალადეების სამიზნე.