ძალადობის, დარბევებისა და ჟურნალისტებზე არაერთი თავდასხმის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის წერს, რომ ძალადობა დაუშვებელია და ყველას მოუწოდებს "სახელმწიფოებრივად იაზროვნონ".
"მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია!
ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას!
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!", - წერს კახა კუჭავა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს.
ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯერ "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა სცადეს, ჩალეწეს შუშები და დაარბიეს ტერიტორია, მოგვიანებით "თბილისი პრიდის" შენობაში აივნიდან აძვრნენ, დაწვეს დროშები.