პოლიტიკური მოძრაობა "დროა" 20:00 საათზე პარლამენტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელი თავდასხმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე უდიდესი დარტყმა იყო.
"დღეს, 20:00-ზე პარლამენტის წინ
გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე.
ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.
მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის",- ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.