ეს დეკლარირებულ თეოკრატიაში ცხოვრებაა - "სირცხვილია" დღევანდელ აქციას უერთდება

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილია" დრეს 20:00 საათზე პარლამენტთან მდუმარე აქციას შეუერთდება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათივე შეფასებით, მოვლენები თეოკრატიაში ცხოვრების დეკლარიებაა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლება და მისი ძალოვანი უწყებებია. გუშინდელი ღონისძიების ორგანიზატორთა გადაადგილების მარშრუტები წინასწარ იცოდნენ მოძალადე ჯგუფებმა, პოლიციის მობილიზება იყო მიზერული, მობილიზებული ჯგუფიც კი სრულიად ინდიფერენტულად იქცეოდა და არ ცდილობდა მოძალადეების განეიტრალებას.

მედიაზე ორგანიზებული შეტევა, ოფისების დარბევა და ქუჩაში თარეში, არის ის საგანგაშო სიგნალები, რომლებიც ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

გუშინ არ არსებობდა ქვეყანაში ადგილი, სადაც ადამიანები სრულიად უსაფრთხოდ იქნებოდნენ, ეს ირანისკენ და რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა - დეკლარირებულ თეოკრატიაში ცხოვრებაა.

სახელმწიფო არათუ არ იცავს სეკულარულობის პრინციპს, არამედ თავად არის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების პარტნიორი და თანამზრახველი.

დღეს, 6 ივლისს, 20:00 საათზე, ჩვენ მდუმარე აქციაზე შევიკრიბებით პარლამენტთან, იმისთვის, რომ დავანახოთ ყველას, ეს ქვეყანა მოძალადებიის არ არის, ეს ქვეყანა მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა და არ დავუშვებთ, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ცხოვრება ამ ზიზღში გაატარონ.

P.S. ირაკლი ღარიბაშვილი აუცილებლად გადადგება",- ნათქვამია განცხადებაში.

"თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდებით მდუმარე აქცია დღეს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დააანონსა. აქცია მდუმარე იქნება და მას "ევროპული საქართველო, მოძრაობა "დროა", სხვა პოლიტიკოსები თუ აქტივისტები შეუერთდებიან.

ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.

დღის განმავლობაში 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი