
გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ერთ-ერთ მონაწილე, 2 300-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
აკაკი ნაკაშიძე ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება.
ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.
დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა.