ვგმობ მსგავს ქმედებებს, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა - იაპონიის ელჩი 5 ივლისზე

გამოქვეყნდა:

იაპონიის ელჩი საქართველოში 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ მსგავს ქმედებებს გმობს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა მომავალში მსგავსი ძალადობა თავიდან აიცილოს.

"5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მსვლელობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს განხორციელდა თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე, აქციის მონაწილეების ნაწილმა დაარბია კერძო ოფისი. ვგმობ მსგავს ქმედებებს, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა მომავალში და უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.

დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი