შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებებს სანქციებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პარტნიორების მხრიდან, იმის ანალიზი, რომ ხელისუფლება პრორუსულ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთანაა შეკრული, შესაბამის შედეგებს გამოიღებს.
მათივე თქმით, ამ შემთხვევაში შესაძლოა, პრემიერმინისტრის ლეგიტიმაციის საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
"მე არ ვიცი რამდენად არ შეიძლება ეს სერიოზულად მიიღო, შეიძლება ღარიბაშვილმა არ მიიღოს, იმიტომ რომ თვითონ არის თავიდან ბოლომდე არასერიოზული ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს სანქციები ნიშნავს გადაადგილების შეზღუდვას, ეს სანქციები ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, ეს სანქციები ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს მოძალადის სახელი",- თქვა ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, 5-6 ივლისის ძალადობასა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნეტ პრაისი გამოეხმაურა. როგორც პრაისი ამბობს, სახ.დეპი ყურადღებით ადევნებს თვალს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს, გარდა ამისა, მისი თქმით, ისინი შეგნებულად არ საუბრობენ ჯერჯერობით სანქციებზე, თუმცა ეს უკვე განიხილება.