ვგმობთ ჰომოფობიასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც ხელისუფლება აღვივებს - მეღვინეები

გამოქვეყნდა:

ქართველი მეღვინეები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ისინი მკვეთრად ემიჯნებიან და გმობენ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს დამოკიდებულებებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.

მეღვინეები წერენ, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციის უფლება და პასუხი აგებინოს მათ, ვინც ავლენს ჰომოფობიას და საზოგადოებას ძალადობისკენ მოუწოდებს.

"ამ წერილს ხელს ვაწერთ იმ იმედით, რომ საზოგადოება ნახავს სხვა ანალოგიურ გამოხმაურებებს სხვადასხვა პროფესიული წრეების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტანგაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ - უბრალო მოქალაქე.

ამ წერილზე ხელმოწერით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია საქართველოს განვითარება და თვითმყოფადობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლება, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა, სამოქალაქო მშვიდობის დაცვა და განუხრელი ინტეგრაცია დასავლეთთან, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ცივილიზაციური ადგილი. ჩვენ, საქართველოს მეღვინეები, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოველთვის ამ პრინციპების მიხედვით მივიღებთ პირად გადაწყვეტილებებს!" - წერია განცხადებაში.

მეღვინეები ასევე წერენ, რომ საზოგადოებისა და და ქვეყნის განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული თავისუფლების ხარისხზე. მათი თქმით, როგორც ეკონომიკის, ისე ზოგადად საზოგადოების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში.

მათივე განცხადებით, ქვეყნისთვის საშიში და პრინციპულად სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოს იმიჯი, დინამიურად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დასავლური ქვეყნიდან გადაიქცევა შინააშლილობის, შეუწყნარებლობის, ქაოსის, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი