ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ს ყოფილი ელჩები საქართველოში, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი აცხადებენ, რომ ნარკოტიკებით ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ.
"ავტოკრატიულ საზოგადოებებში, ხშირად იყენებენ ხოლმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ყალბ ბრალდებას მათთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ერთი მაგალითი მოსკოვიდან მახსენდება, სადაც გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს ნარკოტიკების მოხმარების ბრალი წაუყენეს. მაშინ რამდენიმე გაზეთმა ჟურნალისტი დაიცვა და ის გაათავისუფლეს. ეს არ არის ქმედება, რომელსაც ჩვენ საქართველოსგან ველოდებით. დასავლეთი საქართველოს უყურებს, როგორც მზარდ დემოკრატიას, ასეთი საქციელი კი ავტოკრატიულ მთავრობებს ახასიათებთ" - ამბობს უილიამ კორტნი
"მე ექიმი არ ვარ, მაგრამ როდესაც ამ ბატონის ფოტოები ვნახე, ნათელი იყო, რომ ის ძალიან მძიმედ იყო ნაცემი. როდესაც ვინმე ისეა ნაცემი თავში, როგორც ეს ბატონი იყო, ყოველთვის არის შანსი, რომ ტვინში გაჩნდეს სისხლდენა, ან რაიმე ტიპის ტვინის დაზიანება, რომელიც გასინჯვის დროს არ გამოჩნდა. როდესაც წამლის ზედოზირებაზე ვსაუბრობთ, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ რა წამლების? ის საავადმყოფოში იყო, ექიმების გარდა სხვა ვინ მისცემდა მას წამალს?" - ამბობს კენეტ იალოვიცი
დიპლომატები თბილისში, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისთან მოძალადეების დაჯგუფება სასტიკად გაუსწორდა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და დასჭირდა ოპერაცია. 11 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორი ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.
იმავე დღეს, 11 ივლისს შსს-მ საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც მინისტრის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ზედოზირების ვერსიას განიხილავს. 12 ივლისს კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.
ზედოზირების ვერსიაზე კომენტარი გააკეთეს ლაშქარავას დედამ და აღნიშნა, რომ ამ გზით ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ.