მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ სხდომა არ შემდგარიყო - კუჭავას განმარტება სხდომის შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს, ის პასუხისმგებლობას ჟურნალისტებსა და ოპოზიციას აკისრებს.

კუჭავას თქმით, დღევანდელი პროტესტი მიზანმიმართულად იყო დაგეგმილი, რომ სხდომა არ ჩატარებულიყო. მისივე განმარტებით, პროტესტის რეჟიმში განხილვის გაგრძელება, შს მინისტრის მოსმენას არ ემსახურება.

"რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. მათი მიზანი დღეს არ იყო სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროა, როცა იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა.

ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა",- თქვა კახა კუჭავამ.

დღეს, 18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომა შეწყდა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჟურნალისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ლექსო ლაშქარავას საქმეზე დამნაშავეების დასჯისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ბანერები მიიტანეს და "ოცნების" ულტიმატუმის მიუხედავად, აღარ ჩამოხსნეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი