ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. სამადაშვილის თქმით, უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარს ამბობს.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ მექანიზმების გამკაცრების მექანიზმებზე.
"ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად ფაქტიურად, უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ევროპული მხრიდან ვიხილავთ შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას, როცა სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი დახმარება, პირობითობის პრინციპის დაცვით შესაძლოა შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომელიც შეიქმნა, მათ შორის მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით",-თქვა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ "ქართული ოცნება" შარლ მიშელის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისთვის აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს, შესაძლოა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი გადაიხედოს.
"მე ვფიქრობ, რომ თუ არაფერი შეიცვლება და უახლოეს მომავალში ქართული ოცნება ძალიან აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა შესაძლოა მოხდეს",-თქვა მან.
ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრებმა ისაუბრეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ "ოცნება" ისევ ასე გააგრძელებს, ევროპელმა პარტნიორებმა გადახედონ დაფინანსებისა და საქართველოსთვის დახმარების საკითხს.
მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. დღესვე მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, ამ წუთებში კი ის პრემიერმინისტრს ხვდება.