თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, სავარაუდოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იქნება.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.
"ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის, იყოს ერთიანი კანდიდატი. ეს კვირა არის ბოლო დღეები, როცა ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ სხვა ოპოზიცურ პარტიებთან, აქ ყველა პარტიაა ჩართული, როგორც საპარლამენტო, ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე არასაპარლამენტო პარტიები",- თქვა ხატია დეკანოიძემ.
ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს უჭერენ "ევროპული საქართველოს" წევრები, პარტიაში ფიქრობენ, რომ მერობის კანდიდატებზე ოპოზიციის კოორდინაცია მნიშვნელოვანია. მელიას მხარდაჭერა აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც, მათ შორის, მის კანდიდატურას მხარს უჭერს, "ერთიანი საქართველო" და პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნა".
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ჯერჯერობით უცნობია პარტია "ლელოსა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" პოზიცია.
"ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ პარტია გაადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
"ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ლელო საქართველოსთვის უახლოეს დღეებში თავის პოზიციას გააცნობს საზოგადოებას, როგორ ვაპირებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც უმნიშვნელოვანესი საკითხია ის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მოაგროვოს 43%",- თქვა ლელოს ლიდერმა, ბადი ჯაფარიძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ის ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, ვაშაძის აზრით, აუცილებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე ძალის ჩამოყალიბდეს.