"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრებმა პარლამენტის ეთიკის საბჭოს სარჩელით მიმართეს. სარჩელში სასესიო დარბაზში შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ზარქუასა და ლევან მგალობლიშვილის მიერ ქალი დეპუტატების მიმართ ძალის გამოყენებაა დაგმობილი. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ამ ფაქტს უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება და ამისთვის ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, თუმცა "ქართული ოცნების" პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.
ნონა მამულაშვილი განმარტავს, რომ "ქართული ოცნება" ქუჩაში მოძალადეებს ახალისებს და ახლა "ეს კულტურა" პარლამენტში შემოიტანა, რაც დაუშვებელია.
"ეთიკის კომიტეტი ვალდებულია, რომ განიხილოს ეს საკითხი და ვალდებულია, გამოიტანოს დასკვნა რაც მოხდა იქ. რეალურად გამოსაძიებელი არაფერია. თქვენ პირდაპირ ეთერში ნახეთ რაც ხდებოდა, მაგრამ ფორმალურად მაინც უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან ასეთი საქციელი პარლამენტში უნდა შეჩერდეს, უნდა აიკრძალოს",- ამბობს ნონა მამულაშვილი.
ცნობისთვის, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში 18 ივლისს მივიდა. მას ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები საპროტესტო პერფორმანსით დახვდნენ, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან მისვლას ცდილობდა, რა დროსაც ის ტრიბუნიდან პაპუაშვილმა ძალით გამოიყვანა. ბოკუჩავას თქმით, ძალადობაში მონაწილეობდა "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი.
სხდომათა დარბაზში ხმაურის შემდეგ, სესია ჩაიშალა და გადაიდო, გომელაური კი საკანონმდებლო ორგანოდან გაიპარა.
იხილეთ ასევე: