პანდემიის პერიოდში განხორციელებული მრავალმილიონიანი სახელმწიფო შესყიდვები - IDFI შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მილიონობით ლარის კონტარქტები გამარტივებული წესით "ქართული ოცნების" შემომწირველ კომპანიებთან ფორმდება. ასევე, გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმაბამდე რამდენიმე დღით ადრეა დაფუძნებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ხელშეკრულება, რომლებიც ასევე გამარტივებული შესყიდვით იქნა გაფორმებული. სახელმწიფომ შპს "მზიურს", რომელსაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ზეთით უნდა მოემარაგებინა, 4 მლნ ლარზე მეტი, ხოლო შპს "ალფას", რომელსაც იგივე ჯგუფები მაკარონით და შაქრით უნდა მოემარაგებინა, 9 მლნ ლარი გადაუხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე კომპანია რუსული პროდუქციის რეალიზებას ახდენდა და ორივე კომპანიების დირექტორები "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველები არიან.
გამარტივებული შესყიდვები, თავის მხრივ, არის კორუფციული რისკების შემცველი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ დროს ნაკლებად გვაქვს კონტროლის მექანიზმი, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებს ასეთ დროს შეუძლიათ პირდაპირ გაუფორმონ ხელშეკრულებები შესაბამის კომპანიებს. შესაბამისად, არ არის კონკურენცია, ფასზე ვაჭრობა არ ხდება და მეტი სივრცე რჩება, რომ ეს თანხები ისეთ კომპანიებთან აკუმულირდეს, რომლებსაც გარკვეული კავშირები აქვთ მმართველ პარტიასთან, - ამბობს IDFD-ის ანალიტიკოსი, მარიამ გოგიაშვილი.
ოპოზიციაში "ქართული ოცნების" მხრიდან კორუფცია არ უკვირთ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნება" პანდემიას თავის სასარგებლოდ იყენებს.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც, ერთი მხრივ, დაკავებულია მომხვეჭელობით და მეორე მხრივ, ფაქტობრივად, მოღალატეობრივ ქმედებაშია უკვე არაერთგზის შემჩნეული და მათ შორის, პანდემიის დროსაც ისინი აკეთებენ იმას, რაც წარმატებით გამოსდით. წარმატებით გამოსდით ხალხის ძარცვა და მოღალატე რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, - აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.