ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა მედიის მაქსიმალური თავისუფლება - 5 ივლისისა და მას შემდეგ ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმების ფონზე ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ მედია საქართველოში თავისუფალია.
მინისტრი თურნავას მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროს შესვლა "მთავარი არხის" სარეკლამო გაყიდვების სახლში, წარმოადგენს გეგმიურ შემოწმებას და პოლიტიკურ რეპრესიებთან კავშირი არ აქვს.
"ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა მედიის მაქსიმალური თავისუფლება, თქვენ ნებისმიერ ინფორმაციას ავრცელებთ. ეს ეხება ერთ-ერთ კონტრაქტორს, რომელიც რეკლამით არის დაკავებული და არის ჩვეულებრივი გეგმიური შემოწმება და არ ვიცითქვენ გაქვთ ეჭვი რომ რაიმე გადასახადებს მალავენ?",- უთხრა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 ივლისს, "მთავარი არხის" სარეკლამო გაყიდვების სახლში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა. ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ივლისის თვეში შესამოწმებლად 500 კომპანია შემთხვევითად აარჩიეს.
კომპანიის იურისტი ფაქტს წინასაარჩევნო პერიოდსა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას უკავშირებს. შემოწმების მიღმა ცალსახად პოლიტიკურ მიზნებსა და "ქართული ოცნების" რეპრესიულ ინსტრუმენტებს ხედავენ ოპოზიციური პარტიების წევრები.