კულტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ახალ მოსაზრებას, რომ ჟურნალისტებზე გარკევული რეგულაციების შემოღების მომხრეა, და ეს კანონში უნდა გაიწეროს, "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი პასუხობს.
მისი თქმით, ჯობია, ქცევის მოწესრიგება წულუკიანმა საკუთარი თავით დაიწყოს და ტელეკომპანიას კუთვნილი მიკროფონი დაუბრუნოს.
"სანამ ევროპულ კონვენციაზე დავიწყებთ საუბარს, მოდი პირველ რიგში, პასუხი გავცეთ იმას, რატომ მოკლეს ჟურნალისტი საქართველოში, 5 ივლისს, რატომ არ არია დასჯილები პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირები, ახლა კიდევ იმაზე საუბარი, რომ თურმე მედია უნდა შეიზღუდოს არის ამ სურათის დამადასტურებელი ნაწილი, რაც გვაქვს ქვეყანაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება ორიენტირებულია იყოს დიქტატურა, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს შეზღუდული, რომ კრიტიკული აზრი არ ისმოდეს, ჟურნალისტები უნდა გაქრნენ ამ ქვეყნიდან.
მინისტრმა თქვა, რომ თურმე ქცევა უნდა მოწესრიგდეს კონკრეტული ადამიანების, კი ძალიან კარგი იქნება, ოღონდ საკუთარი თავით დაიწყოს ალბათ ჯობია და დაგვიბრუნოს მიკროფონი", - ამბობს თამთა მურადაშვილი.
"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც მედიისგან იცავს თავს და კრიტიკულ კითხვებს გაურბის დამთავრებულია.
"ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თარგამაძის თქმით, წულუკიანი საუკეთესო განსახირებაა "ოცნების" ხელისუფლების და მისგან მედიისგან "დაცენზურება" აღარავის უკვირს.
წულუკიანმა "რადიო უცნობის" ეთერში თქვა, რომ "გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ემხრობა". მისი თქმით, ინფორმაციის გავრცელებას თან ვალდებულებები ახლავს და ეს ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს.
ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად "მთავარი არხის" ჟურნალისტი მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში "დაიბარა". წინააღმდეგ შემთხვევაში წულუკიანმა თქვა, რომ მომავალ შეხვედრამდე ჟურნალისტმა უნდა დაიცადოს.